“ახლა ისევ გარედან ცდილობენ დესტაბილიზაციის რაღაცა კერების გაჩენას, ისმის იქიდან მუქარის განცხადებები საკუთარი სამშობლოს მიმართ”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ ვიდეო მიმართვას.

„იყო დრო, როდესაც დესტაბილიზაციის სურვილების გამხმოვანებელი სააკაშვილი იყო და საზოგადოებას კარგად ახსოვს არჩევნების პერიოდში, როგორ მოდიოდა ის ხან წლით და ხან მიწით. შემდეგ რომ ჩაუვარდათ ეს დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმა და სააკაშვილი დააპატიმრეს, ახლა ისე გარედან მიმართეს ნაცნობ ხერხს.

რადგანაც ამ დესტაბილიზაციის სურვილი მუდმივად აქვს ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, მინდა ყველას შევახსენო, რაც ისედაც საქართველოს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კოდექსში, თუკი ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნის, ხალხის ნების, სამშობლოს წინააღმდეგ რაიმე სახის დესტაბილიზაცია განახორციელოს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის: უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.

გაზიარება