პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სამი კომიტეტის (უსაფრთხოებისა და დაზვერვის, ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების) თავმჯდომარეებსა და წევრებთან. ქართველი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს.

„ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს ემუქრება; ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ეს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო/ენერგეტიკული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციისთვის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. და, რაც მთავარია – შავი ზღვის რეგიონისა და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის.

თურქეთში საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი. თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას; ჩვენს დიპლომატებს, ვისი ძალისხმევითაც ასეთ მოკლე პერიოდში და შემჭიდროებულ ვადებში შესაძლებელი გახდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზება”, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

გაზიარება