“დიდ ტყუილზე აგებულმა კამპანიამ „შედეგი“ გამოიღო – გუშინ რადიკალებმა, ჩვეული ძალადობრივი მეთოდებით, არეულობა მოაწყვეს. „2012 წლამდე თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე, გუშინ, მათივე დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რაშიც ძალიან ძნელია, არ დაეთანხმო“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ტყუილი, რომელიც გამიზნულია საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოსაწყობად, მხარდაჭერილ იქნა გარკვეული ძალების მიერ.
„უცხოელების მხრიდან უკადრებელი იკადრა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, ხოლო ქართველების მხრიდან – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც, პირადი გამორჩენიდან გამომდინარე, ხშირად ივიწყებს, თუ რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, იმუქრება ვეტოს დადებით კანონზე, რომელიც მას არც წაუკითხავს.
რაც შეეხება ქალბატონ დეგნანს, მან მშვენივრად იცის, რომ ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ქართული ვარიანტი გაცილებით ლიბერალურია, მაგრამ, როგორც ჩანს, მას უფრო სერიოზული მიზანი ამოძრავებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, გუშინდელ დღეს, როდესაც პარლამენტში კანონის განხილვა მიმდინარეობდა, „დემოკრატიის შავ დღედ” არ მოიხსენიებდა! საინტერესოა, როგორ ხასიათზე არიან დღეს არეულობის მომწყობები, დამფინანსებელი და მხარდამჭერები, როდესაც, მიუხედავად ყველაფრისა, ქართველმა სამართალდამცავებმა შეძლეს ესკალაციის უმაღლეს დონეზე განმუხტვა, რისთვისაც მათ თითოეული ჩვენგანისგან მადლობა ეკუთვნით”, – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.