“დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას, რისთვისაც 25 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, პროექტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, “საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ის” ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი რეგიონებში წყლის პრობლემის მოგვარებაა.
“დაახლოებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს წყლის რეზერვუარებს, სათავო ნაგებობებს, შეიცვლება 60 კილომეტრამდე მილები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ამისთვის, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ამავე დროს, წალენჯიხას დღემდე აქვს წყალარინების პრობლემა, რომელიც არ აქვს და არ ყოფილა არასდროს. ამ პრობლემის მოგვარებას, ბუნებრივია, გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება პრემიერთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ათეულ მილიონთან და დარწმუნებული ვარ, მთავრობასთან ერთად მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ წალენჯიხას ეს პრობლემაც მოვუგვაროთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.