„აბსოლუტური ამორალურობაა, რომ ასეთ აქტივობაში საკუთარ აქტივისტს ფული მისცე. ამ ამორალურობას ამორალურობის მეტ ხარისხს ამატებენ, – ხელში კი არ აძლევენ ამ ფულს, ურიცხავენ, რომ მობმული ჰყავდეთ ვიღაც, რათა ჩარიცხვის მტკიცებულება გააჩინონ და ნებისმიერ დროს დააშანტაჟონ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებზე კონკრეტული განცხადებების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვის ფაქტი ფიქსირდება.
“თუ არ ვცდები, სამი დღის წინ გავრცელდა ამბები იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სტუდენტებს კონკრეტულ თანხას ურიცხავენ განცხადების გაკეთებაში და ეს ინფორმაცია თავად „ნაცმოძრაობიდან“ იყო გასული. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აყენებენ სტუდენტებს. დაანებონ ამ ხალხს თავი, ნუ ურიცხავენ თანხებს და ნუ აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ ახლა იმ ახალგაზრდებს უწევთ თავის მართლება – “ჩემი პერსონალური მონაცემებია არ გამოვაქვეყნებ; ამ ამბავში ფული არ ამიღია, დედას გეფიცებით; განცხადებას ვაკეთებ და ვაქტიურობ არა ფულით, არამედ ჩემი რწმენით”.
ეს რომ სიმართლე არ იყოს, გამოაქვეყნებდა, – ეს ბუნებრივი ამბავია. თუ მართლები არიან, მათ შეუძლიათ, გამოაქვეყნონ ამონაწერები და იქ არაფერი რომ არ იქნება, მარტივად დადასტურდება, რომ ეს ამბავი ტყუილია, მაგრამ იმიტომ დასჭირდათ ამ ახალგაზრდების მხრიდან იმ მესიჯის გახმოვანება, რომ ეტყობა, ეს სიმართლეა. ეს მხოლოდ ვარაუდია. სხვა შემთხვევაში, რა თანხების გადარიცხვები უნდა ჰქონდეთ ისეთი, რომ სხვა პერსონალურ ინტერესს შეეხოს? ხომ გამორიცხული ამბავია! მაგრამ რა მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს?! სპეციალურად ურიცხავენ თანხებს, რომ რაღაც კომპრომატი ჰქონდეთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.