„წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევაა – თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი – ვიღაც პრორუსი პოლიტიკოსი“ – ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

„მგონი, შესავალი სჭირდებათ ლექციების სახით, თუ როგორ ინიშნებიან ადამიანები ევროკომისიაში და ვის წარმოადგენს ევროკომისარი. მზად ვართ, ეს ლექციები ჩავუტაროთ“, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებთან ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის – სალომე სამადაშვილის განცხადებას.

სამხარაძის განმარტებით, ოლივერ ვარჰეის კრიტიკა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ბრიუსელში საქართველოს რვა წლის განმავლობაში წარმოადგენდა, სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის წარმოდგენა ისე, თითქოს ის არის პრორუსი პოლიტიკოსი. სამადაშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, ასე ილაპარაკო, თუ მართლა პროგრესი და წინსვლა გინდა. არა მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ილაპარაკა ასე, – მისი პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ, თურმე, ვარჰეი ევროკავშირს კი არ წარმოადგენს, – უნგრეთს წარმოადგენს. ესაა დადასტურება იმისა, თუ როგორ ალტერნატიულ რეალობაში უნდათ, საზოგადოება აცხოვრონ. თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი – ვიღაც პრორუსი პოლიტიკოსი”, – განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება