“წინაპრებისა და თაობების მიერ მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ დაასვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ელჩების კონფერენცია 2022-ზე” სიტყვით გამოსვლისას.

“2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონების 30% ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერმა უკრაინაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსული სისასტიკის პირადად ხილვა განსაკუთრებით ემოციური იყო.

“კიევში, ბუჩასა და ირპენში ჩადენილი რუსული სისასტიკის ხილვა ემოციური იყო იმიტომაც, რომ მსგავსი სისასტიკე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს და 90-იან წლებში.

საქართველომ არსებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. უკრაინაში მიმდინარე ფართომაშტაბიან ომთან ერთად, არც უშუალოდ ჩვენს რეგიონში იყო მშვიდობა.

გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთობლივი საპარლამენტო ძალისხმევით ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მშვიდობასა და სტაბილურობაში, რაც ჩვენი რეგიონის განვითარების საწინდარია.

ძვირფასო ელჩებო, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ღირსეულად წარდგენისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება