უამინდობამ პრობლემები შექმნა გურიის რეგიონში. ძლიერი ქარის შედეგად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ხე წაიქცა, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.

ჩოხატაურის მერის დავით შარაშიძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში გზებზე არსებული ფანჩატურები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა. შემთხვევის ადგილებზე ამ წუთებში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

„მთავარ ქუჩებზე ხეები დაზიანდა და მოძრაობა ჩაკეტა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დამხმარე ნაგებობებზე სახურავები დაზიანდა, რასაც მერია დღესვე აღადგენს. ასევე, სოფლების გზაზე ფანჩატურები დააზიანა“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.

გაზიარება