“ვხედავთ, რომ დღეს ევროპაში კულტურის ცნება ლგბტ პრაიდამდე, ერთსქესიანი ქორწინებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდამდე და ე.წ. ლგბტ ბავშვების საბავშვო ბაღებამდე დაიყვანება”, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

“მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირის ღირებულებითი შიგთავსი. ბუნებრივია, თითოეული ქართველისთვის ევროპა, პირველ რიგში, ის ღირებულებებია, რომლებსაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მყარად დაეფუძნა. სოციალური კეთილდღეობა, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი, ქრისტიანული კულტურა და ტრადიციები არის ის ღირებულებები, რომლებიც ქართველებს ევროპაში მოგვწონს და რომლის გამოც ევროპისკენ მივისწრაფვით.

თუმცა, ვხედავთ, რომ დღეს ევროპაში კულტურის ცნება ლგბტ პრაიდამდე, ერთსქესიანი ქორწინებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდამდე და ე.წ. ლგბტ ბავშვების საბავშვო ბაღებამდე დაიყვანება. გარდა ამისა, საგანგებოდ შექმნილი იდეოლოგიის საფუძველზე, ევროპას თავს მოახვიეს თითქმის ულიმიტო მიგრაცია, რის გამოც უძველესი ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნები საკუთარ ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას სწრაფი ტემპით კარგავენ. ბუნებრივია, ევროკავშირის წევრობის პირობებში, საქართველოც ასეთივე პროცესებისთვის იქნება განწირული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმოქმედონ მაღალი პასუხისმგებლობით და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმ პერსპექტივების შესახებ, რომელიც ევროკავშირის მომავალს და შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს მომავალს უკავშირდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორი ეკონომიკური და ღირებულებითი შედეგი ექნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის არაფრისმომცემ სტატუსს საქართველოს მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობა არ გადააყოლოს”, – წერს ფილოსოფოსი.

გაზიარება