„გასული დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შექმნილმა ხელოვნურმა აჟიოტაჟმა მათი მიზნები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა“, – აცხადებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან საქართველოს მაქსიმალური ასოცირება არის უმოკლესი გზა მეორე ფრონტისკენ, რაც ოპოზიციაში კარგად იციან და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.
„ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს რადიკალური ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავების გაშვებაზე ოფიციალური ნებართვა გაეცა. მაშინ საქართველოში ემოციური ფონი უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო ბევრად უფრო ირაციონალური იყო და ხელისუფლებისთვის ამ პროვოკაციულ მოთხოვნაზე უარის თქმა იოლი არ გახლდათ. თუმცა, ხელისუფლებამ წნეხს მაშინაც ღირსეულად გაუძლო და ის ნაბიჯი არ გადადგა, რომელიც სამხედრო კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
რადგან შედარებით დიდი მასშტაბის პროვოკაცია არ გაუვიდათ, ახლა ქართველი რადიკალები სამხედრო კონფლიქტთან საქართველოს დაახლოებას ახალი პროვოკაციული მოწოდებებით ცდილობენ. უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო გლოვის დღის გამოცხადება და სხვა მსგავსი პროვოკაციული ინიციატივები, სინამდვილეში, ერთადერთ მიზანს – სამხედრო კონფლიქტის მხარედ საქართველოს წარმოჩენას ემსახურება“, – წერს ექსპერტი.