ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვას ეხმაურება.
როგორც აბაშიძე წერს, “ნაცპროპაგანდა”, ჩვეულებრივ, მანიპულაციით ცდილობს საზოგადოების მორიგ შეცდომაში შეყვანას.
„საკითხი ეხება სააკაშვილის ოჯახის სტუმრობას ევროპაში. საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საკითხი განიხილეს პლენარულ სხდომაზე (#1 ვიდეო), სადაც ნათლად ჩანს 705 ევროპარლამენტარის “დიდი ინტერესი” ცარიელ დარბაზში. ხოლო მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია სააკაშვილების მოსმენა “ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) საპარლამენტო ჯგუფის შეკრებაზე.
ევროპარლამენტში კორუფცია რომ ყვავის, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბელგიის პოლიციის მიერ ვიცე-სპიკერის, ევა კაილისა და სხვა რამდენიმე ჩინოსნის დაკავებით კატარის სკანდალად წოდებულ საქმეებზე. ბრიუსელში ახლახან დაკავებულებს ბრალი ედებათ კატარის ინტერესების გატარების სანაცვლოდ ფულის აღებაში. ევროპარლამენტს ასეთი სკანდალი ჯერ არ ახსოვს, მაგრამ კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, ეს ერთეული შემთხვევა იყოს.
“ევროპარლამენტი არ არის გამჭვირვალე ინსტიტუტი და სოციალისტების მხარდაჭერა, როგორიცაა ევა კაილი, ამხელს ევროპარლამენტის ღირებულებებს და დასცინის ევროკავშირის ამ ინსტიტუტს“, – აცხადებს ევროპარლამენტარი ბოგდან რზონკა, პოლონეთის მმართველი პარტიის – “კანონის და სამართლიანობის” (PiS) წევრი.
„ევროკავშირს უყვარს გაკვეთილების ჩატარება მთელ მსოფლიოში. ის ლექციებს უკითხავს უნგრეთს, პოლონეთს. ის გაკვეთილებსაც კი უკითხავს ევროპის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ს. ბევრად უკეთესი იქნებოდა, საკუთარი სახლის დასუფთავება დაიწყოს“, – თქვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ფილიპ ოლივიემ.
ბელგიის პოლიციის გამოძიება, სავარაუდოდ, გამოკითხავს სხვა ადამიანებს, მათ შორის ევროპარლამენტის სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და გაზრდის ყურადღებას პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისადმი, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება Pfizer-თან შესყიდვების შეთანხმების პირობების გამო.
უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი, რომ ევროდეპუტატების ნაწილი ლობირებაში, სხვადასხვა ინტერესის გატარებაში ფულს იღებს და უსაფუძვლო ბრალდებების უსინდისოდ ტირაჟირებას ახდენს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე აბაშიძე.

