“მსოფლიოში მიმდინარე ძალთა ახალი გადანაწილების, კოვიდის ჯერ კიდევ არდასრულების და მრავალი სხვა გამოწვევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც აგრძელებს ორნიშნა ზრდას, კერძოდ, იანვარ-სექტემბრის გასაშუალოებული მაჩვენებელი 10.2%-ს შეადგენს“, – აღნიშნავს ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, IMF-ის საშუალოვადიანი პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა მოსახლეობის ერთ სულზე პირველად გადააჭარბებს $10,000-ს, ხოლო 2030 წლისთვის კი $15,000-ს, რითაც ის უკვე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.
„რა თქმა უნდა, პრობლემებიც მრავლად გვაქვს, რაც, პირველ რიგში, ინფლაციას უკავშირდება, რომელიც აგრეთვე ორნიშნაა. თუმცა, ინფლაციის ამ გლობალურ ტრენდს, უმჯობესია, მაღალი ეკონომიკური ზრდით დავუპირისპირდეთ, ვიდრე ინფლაცია ცალკე გვიტევდეს და ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო იყოს, ან სულაც არ იყოს, როგორც ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დღეისთვის.
საქართველოს აქვს ყველანაირი წინაპირობა, მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს, დაძლიოს რუსეთზე დამოკიდებულებაც, მოირგოს რეგიონში პოლიტიკური ლიდერის როლი, უზრუნველყოს სიღარიბის დაძლევა, შემოირიგოს აფხაზებიც და ოსებიც და მრავალი სხვა, ამისთვის კი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება და მუდმივი რეფორმებია საჭირო“, – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ჭარაია.