„ორიოდე თვის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, – 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში რომ მიეღოთ, არც რუსეთ-საქართველოს ომი და არც რუსეთ-უკრაინის ომები არ იქნებოდაო. ძნელია ამ ლოგიკას არ დაეთანხმო. ფაქტია, რომ ალიანსის გაფართოების პირობებში, რუსეთი ნატოსთან ომს ვერ დაიწყებდა და არცერთი ეს ომი არ მოხდებოდა. ასეთ დროს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ მარტივი შეკითხვა: მაშინ რატომ გვითხრეს ნატოზე უარი 2008 წელს ჩვენც და უკრაინასაც?“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
„2008 წელს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ფორმალურად, გერმანიას და საფრანგეთს დააბლოკინეს. თუმცა, გერმანია და საფრანგეთი სრულად ოკეანისგაღმიდან რომ იმართებიან, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედული კაცისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას იაფ ბუნებრივ რესურსებზე და მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანული მრეწველობის გაჩერებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ ამაზე ერთი მოკრძალებული პროტესტიც კი არავის გამოუხატავს. ამ პირობებში, ცხადია, გერმანია და საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში არგაწევრიანების ინსტრუმენტად მხოლოდ ფორმალურად გამოიყენეს. რეალურად კი, ასეთ გადაწყვეტილებებს სრულად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, რომელსაც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით საკუთარი გეგმა კარგა ხნით ადრე ჰქონდა მოფიქრებული.
კერძოდ, ნატოს რეალური მეპატრონეები – ამერიკელები ჩვენც და უკრაინასაც რუსეთთან საომრად გვამზადებდნენ. ბირთვული ომის საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომში ხელს უშუალოდ ვერ გაისვრიდა. შესაბამისად, ამერიკელებს სჭირდებოდათ ქვეყნები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ და რუსეთთან საომრად გაიმეტებდნენ. ვიღაცისთვის როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს რუსეთის დასუსტების დიადი მიზანი, სტრატეგიული პარტნიორის მიერ პატარა ქვეყნის საზარბაზნე ხორცად მოაზრება და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით გაწირვა მაინც დიდ ვერაგობად უნდა მივიჩნიოთ“, – აღნიშნავს შათირიშვილი.