„ზურა ,,გირჩი” ჯაფარიძე და გიორგი ,,ჭიჭე” ვაშაძე ბრიუსელში მხოლოდ სელფების გადასაღებად არ ჩასულან, – საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის ჩავიდნენ. სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჩავიდნენ; ჩამოსულებმა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტით დაფინანსებულ ელენე გავრილოვნასთან ერთობა შეკრეს და გაერთიანებული ძალებით აგრძელებენ საქართველოს ღალატს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ბრიუსელში ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ვიზიტს.

როგორც ბოჟაძე წერს, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, საქართველო მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუს.

ამათი მტკიცებით, არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების უმრავლესობის შესრულებას, არც რეფორმების გატარებას, არც 12 რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აქვს აზრი, რადგან კანდიდატის სტატუსს მაინც არ მოგვცემენ. რადგან საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა; რადგან არ იბომბება თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი; არ იხოცებიან ჩვენი ჯარისკაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები, აი, სწორედ ამიტომ ,,დაგვსჯის” ევროკავშირი.

„ნაცმოძრაობას“ ომისა და ღალატის პარტიას რომ ვუწოდებთ, სწყინთ, არადა, ჯაფარიძის ეს განცხადება ადასტურებს, რომ ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რათა არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩავერთოთ ომში და უბედურება დავმართოთ საკუთარ სამშობლოს.

საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად!’’ – წერს ბოჟაძე.

გაზიარება