„თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, დღეისათვის, თბილისში პიკის საათებში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი, რაც ძალიან დიდი ციფრია.
„თბილისში 2012 წელს გადაადგილდებოდა 250 ათასი კერძო ავტომობილი, 2017 წელს ეს რიცხვი 380 ათასამდე გაიზარდა.
ბევრი ამბობს: “რატომ არ აკეთებთ დამატებით ესტაკადას?!” ეს არის უტოპია. მაგალითად, გმირთა მოედანზე განხორციელებული ესტაკადების პროექტი ავიღოთ. როდესაც ეს სამუშაოები ჩატარდა, გამტარი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა. დღეს უდიდესი პრობლემაა, ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებს. ვთქვათ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გავაფართოეთ, დავამატეთ ესტაკადა. 5 წლის შემდეგ რას ვაკეთებთ, კიდევ რომ დაემატება ავტომობილები? 7 წლის შემდეგ რას ვაკეთებთ? კიდევ დავამატოთ ესტაკადა? ესტაკადების ქალაქად უნდა გადავაქციოთ თბილისი? იმ ადამიანებს, ვისაც გგონიათ, რომ ასეთი პროექტით შეიძლება მოიხსნას პრობლემა, ეს არასწორი მიდგომაა“, – აღნიშნავს კალაძე.