“12 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გარწმუნებდით, რომ თქვენი ნდობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთად დავასრულებდით მოძალადე რეჟიმს და იმ სიღატაკეს, რაც წინა ხელისუფლების მტაცებლური ბუნების გამო, მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში სუფევდა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ივანიშვილის თქმით, გურიის პოტენციალი მისთვის იმთავითვე ცხადი იყო.
„წლები გადიოდა, მაგრამ თქვენს დალოცვილ მხარეში არაფერი კეთდებოდა, უტიფრად იმეორებდნენ – გურია ლამაზი, თუმცა ღარიბი კუთხეაო, მაგრამ ამ მოცემულობის შესაცვლელად თითს-თითზე არ აკარებდნენ. მეტიც, იმდენი მოახერხეს, რომ სტუმარ-მასპინძლობით განთქმული გურულები სიდუხჭირეში აცხოვრეს, გულღია, სიცოცხლით სავსე ხალხს მომავლის იმედი და რწმენა დაუკარგეს.
როგორც პოლიტიკური ფიგურა, პირველად 12 წლის წინ შეგხვდით და შეგპირდით, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ბოლომდე ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო, რომ გლეხის ნაშრომი დაფასებულიყო, ქართულ პროდუქტს ფასი დასდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე კვლავ გამოჩენილიყო ჩვენს მიწაზე, ჩვენი ხალხის მიერ მოყვანილი მოსავალი.
ამას გარდა, ბუნების მიერ უხვად დაჯილდოებული ამ კუთხის პოტენციალი ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო – გურიას არაფერი აკლდა საიმისოდ, რომ აქ არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელებულიყო, რაც მთლიანად რეგიონის განვითარებაზე აისახებოდა.
დღეს გურია ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე 12 წლის წინ იყო. ადამიანის შრომა მეტად ფასდება, გურიის კურორტები არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ვიზიტორების საყვარელი ადგილებია, ბევრად უკეთაა განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაშიც, პირადად, ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე, რადგან ყოველთვის მწამდა და მწამს გურიის და გურული ხალხის უნიკალურობის,“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.