„ვნახეთ, რომ დარეგისტრირდა ასობით ენჯეო, რომლებიც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ აგრძელებენ და მომავალშიც გააგრძელებენ საქმიანობას“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა “NGO-ების” რეგისტრაციის ვადის შესახებ კომენტირებისას, რომელიც 2 სექტემბერს იწურება.

გურამ მაჭარაშვილი „სირიცხვილიასთან“ დაკავშირებულ ინციდენტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ როგორც კი მათ სწორი ნაბიჯები გადადგეს და დარეგისტრირება გადაწყვიტეს, მყისიერად, მათივე პარტნიორების მხრიდან „ჩაიქოლნენ“.

„საკონსტიტუციო სასამართლოში იმ უსამშობლოთა გაერთიანების ღია მარცხი ვიხილეთ, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფოს ის იარაღი წაართვან გამჭვირვალობის სახით, რითაც უცხოურ ძალას ებრძვის და სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

ასევე, ვნახეთ, რომ დარეგისტრირდა ასობით ენჯეო, რომლებიც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ აგრძელებენ და მომავალშიც გააგრძელებენ საქმიანობას.

ყველაზე რადიკალი ენჯეოც კი, „სირცხვილიას“ სახით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. თუმცა ვნახეთ მათი პირდაპირი, საჯარო, ღია ბულინგი, ფაშისტური მეთოდებით. „სირცხვილია“ რომ სირცხვილია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როგორც კი სწორი ნაბიჯები გადადგეს, მყისიერად, მათივე პარტნიორების მხრიდან „ჩაიქოლნენ“, – განაცხადა  მაჭარაშვილმა.