“ყველა “აღშფოთებული მოქალაქის” უკან აღმოჩნდება ხოლმე “ნაცმოძრაობის” ბინძური აქტივისტი – ეს პროპაგანდა კლავს; ამ პროპაგანდამ მოკლა გუშინ ერმილე გიგიაძე. უნდა ვიცოდეთ, რამდენი ასეთი ვითომ აღშფოთებული მოქალაქეც აღმოჩნდება, იქ არის მატყუარა “ნაცი”, რომელიც ძალით იბრაზებს თავს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„რამდენჯერაც სიტყვა “რუსულს” ახსენებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მატყუარა “ნაცი” – ასე შეიძლება გავშიფროთ ყველა მატყუარა “ნაცი”, რომლის პროპაგანდა კლავს ერმილე გიგიაძეს, თედო გობეჯიშვილს და ა.შ. ასეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვითომ აღშფოთებული მოქალაქე არის, სინამდვილეში, მატყუარა “ნაცი” და გავშიფროთ ასე, ვიცოდეთ, ჩვენო მოქალაქეებო: რამდენჯერაც “რუსულ ხელისუფლებას”, “რუსულ კანონს”, “რუსულ საქმეს” უწოდებენ ყველაფერს ქართულს, იმდენი მატყუარა “ნაცია” ამ ყველაფრის უკან, ან – ამ პროპაგანდის მსხვერპლი, და არა აღშფოთებული მოქალაქე, როგორც ამ ყველაფერს ბინძური ტელევიზიები წარმოაჩენენ ხოლმე.

როცა ცდილობთ, რომ პოლარიზაციას გადააბრალოთ ეს ყველაფერი, პოლარიზაციაც ეს არის, ფაშიზმიც ეს არის, ნეოფაშისტური, ფსევდოლიბერალური პროპაგანდაც ეს არის, “რუსულს” რომ ეძახით ყველაფერს, სიცრუის ტირაჟირებით – ეს პროპაგანდა კლავს. ეძგვერაძესა და “ჭყიპინებს” თავი დაანებეთ, ეძგვერაძე არაფერ შუაშია, მე ერმილე გიგიაძეზე გელაპარაკებით და თქვენ “ჭყიპინაზე” მელაპარაკებით, რომელიც სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში ხელს უშლიდა პოლიციას. წარმოიდგინეთ, თქვენი პროპაგანდის მსხვერპლზე, ერმილე გიგიაძეზე გელაპარაკებით, თქვენი პროპაგანდის მსხვერპლზე ოთხი წლის წინ – თედო გობეჯიშვილზე გელაპარაკებით და, – ეძგვერაძეო! ეძგვერაძე კი არა, ეს არის თქვენ მიერ სიაში ჩასმული “ჭყიპინა”, წარსულში სისხლის სამართლის დანაშაულში ბევრჯერ მხილებული ადამიანი, როგორც ვიცი (და თუ მეშლება, უკაცრავად), რომელიც დააკავეს იმის გამო, რომ როგორც ვიცი, სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში უშლიდა ხელს და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ახლა გინდათ, “ჭყიპინათი” თქვენი პროპაგანდის მსხვერპლის – ერმილე გიგიაძის გარდაცვალება გადაფაროთ და არ გადაგაფარვინებთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.