თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. ინფორმაცია თბილისელებს დედაქალქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
„პროექტის ფარგლებში, მწვანე საფარი შეიცვალა, ფილები დაიგო, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. გარდა ამისა, კუნძულ ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთს დაუკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით. სამუშაოების ფარგლებში, „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში, რომელთა საერთო ფართობიც 3.5 ჰექტარია, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. 12 სექტემბერს საზეიმოდ ვხსნით აღნიშნულ პარკს. მობრძანდით, ვისაც გიხარიათ ქალაქის განვითარება“, – აღნიშნა კალაძემ.