„ფაქტია, დღეს საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევას უმკლავდება და დგას იმ პროგრესული მსოფლიოს გვერდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მარადისობას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვა განაპირობებს“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„უკვე მერამდენედ აკეთებენ ღია განცხადებებს „ვოუკიზმის” წინააღმდეგ ამერიკისა და ევროპის მოაზროვნე საზოგადოების წარმომადგენლები. ამაზე ისაუბრა დღეს სატელევიზიო გადაცემაში ამერიკელმა რესპუბლიკელმა, პოლიტიკოსმა ვივეკ რამასვამიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების და რეალური თემების ჩანაცვლება woke (ვოუქ) საკითხებით, რაც რწმენის ნაკლებობამ გამოიწვია.

Wokeism (პროგრესული ლიბერალიზმი) არის ამერიკაში წარმოშობილი ლიბერალიზმის უკიდურესად მძაფრი ფორმა, რომელიც ანადგურებს თავად კლასიკური ლიბერალიზმის მოდელს. ეს არის ის, რასაც ამერიკელი დემოკრატები კაცობრიობის განვითარების უმაღლეს დონედ მიიჩნევენ. თანამედროვე მსოფლიოს კონსერვატიულად მოაზროვნე საზოგადოება კი კაცობრიობის აღსასრულად მიიჩნევს და ლიბერალურ ფაშიზმს უწოდებს.

„ვოკეიზმი” გაბატონებულია ევროპაშიც. სამწუხაროდ, დღეს, ძირითადად, სწორედ ამ იდეოლოგიით იმართება ევროკავშირი, მაგრამ არა მასში შემავალი ყველა სახელმწიფო. სახელმწიფოებრივი ინდივიდუალიზმისა და იდენტობის მომხრე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები ღიად უპირისპირდებიან ამ მიმდინარეობას, თუმცა, ლიბერალიზმის ეს უკიდურესი ფორმა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია.

დღეს „ვოუკიზმს” უპირისპირდება თავად ამერიკელებისა და ევროპელების დიდი ნაწილი, საქართველოში კი, თურმე, ეს „რუსეთუმეობა” ყოფილა. ამ იარლიყს აკრავენ „პროგრესული”, სინამდვილეში კი ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეებს.
თუ როგორი პროგრესულია ქალის კაცად, კაცის ქალად გადაკეთება და სამყაროს შემოქმედის ერთადერთი ჭეშმარიტების უარყოფა, ეს მართლაც პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებისთვის მიგვინდვია”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის“ გვერდზე.