ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ვატო შაქარიშვილი.
,,მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს…” – რამდენჯერ გაამზადეს თანამედროვე ორჯონიკიძეებმა მსგავსი დეპეშა, ოღონდ, ვაშინგტონში გასაგზავნად, მაგრამ ყოველ ჯერზე იმედგაცრუებულებმა სიმწარისგან დაკუჭეს და სხვა მიმართულება მისცეს (დიახ, სწორედ ის, რაც თქვენ გაიფიქრეთ)!
საქართველოს ისტორია უამრავ გმირობას იტევს – როგორც ინდივიდუალურს, ისე კოლექტიურს, მაგრამ სამწუხაროდ, იქვე, ყოველ ეპოქაში იყვნენ ანტიგმირებიც. ჩვენს თანამედროვეობაში ყველამ ერთად მოიყარა თავი, 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაც ჩაიგდეს ხელში, ახლა კი, წლებია, რევანშისთვის იბრძვიან.
მეხუთე კოლონის კაპიტნობა კაპიტან გიგაურს მიანდეს და კიდევ ერთხელ გვაყურებინეს ღალატის აქტისთვის პირდაპირ ეთერში! თუ ადრე ანონიმურ “დანოსებს” წერდნენ და ფარულად დარბოდნენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ახლა უკვე ღიად მტრობენ საკუთარ ქვეყანას, შემდეგ კი, ბედავენ და სხვას უწოდებენ მონასა და მოღალატეს… იმდენად ყოველდღიური ხასიათი მიიღო ქვეყნის ღალატის ფაქტებმა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
მხოლოდ იმით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ ისტორია აუცილებლად მიუჩენს მათ სათანადო ადგილს, – აქ და ახლა უნდა დავამარცხოთ საბოლოოდ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე გავწმინდოთ კოლექტიური გიგაურებისგან!
“ვაშინგტონი, თეთრი სახლი. ბაიდენს, ჰარისს. თბილისის თავზე უსამშობლოთა დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს დამონებულ საქართველოს! კაპიტანი გიგაური”, – ასეთ დეპეშას ვერასდროს გააგზავნით!!!” – წერს ვატო შაქარიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.