“მინდა გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულ იქნა პარტიულად – სუს-ი, უსაფრთხოების სამსახურები შეგიძლიათ, აბსოლუტურად გამორიცხოთ.
“ნაცმოძრაობის” ჯგუფებში ჩაყრილი ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, სიტყვასიტყვით – „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩატი”, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მან წაიკითხა ე.წ. „სქრინები“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ჩატიდან მოიპოვეს. მათში საუბარია იმ ადგილებზე, სადაც ოპოზიცია პროვოკაციებსა და ფიზიკურ დაპირისპირებას გეგმავს, ან უკვე მსგავსი ქმედება განახორციელა.
“ისინი წერენ, მე არ ვამბობ ამას: „მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთ ჩვენს დანახვაზე, არ დაუთმოთ არაფერი კანონსაწინააღმდეგო რასაც ნახავთ, 100 მეტრი დისტანცია არი დადგენილი კანონით და შეგიძლიათ ეს მოიშველიოთ, თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთ. აკონტროლეთ ყველაფერი“. ანუ ძალადობის პირდაპირი მითითება, თან მათ ცემა-ტყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომ 100 მეტრის შიგნით დგახარ და უნდა გცემოო, – უნდა უთხრან ალბათ. თითქმის ყველას აქვს რაღაც ბეიჯი, ზონდერებს, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით გადაადგილდებიან. ასევე, “სქრინები” „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩატიდან, სადაც ჩანს, რომ უნდა მოხდეს ან მოხდა [პროვოკაცია]”, – განაცხადა მდინარაძემ.
მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, მსგავსი დავალებების გაცემას თავი დაანებონ და აღნიშნა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არავის აქვს, ვინაიდან „ფეიკებითა“ და 30-კაციანი ზონდერებით ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას ვერავინ შეცვლის.
„ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობას“: თქვენი შიდა ჩატიდან იწერებიან ყოველწუთიერად რაღაცებს. ამიტომ, ახლა დავალებების გაშიფვრას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ – ეს ერთი; მეორე, ამ პანიკასაც თავი დაანებეთ და ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს არავის. ამ ქვეყანაში, ასეთი მდაბიო “ფეიკებით” და 30-კაციანი ზონდერ-ჯგუფებით ვერავინ შეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ პროვოკაციებს. იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება – არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით და, ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და, წარმოიდგინეთ, სანამ დედის გინებასა და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ ამ უბინძურეს პროვოკაციას.
ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის? მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არ გვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელ ქალაქში დადიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ერთი ჯგუფი დადის. ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში, 163-ე სკოლასთან (წინა ბრიფინგზეც ვთქვი), შემდეგ წავიდნენ ისანში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან; ახლა, წინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაში – ახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი ჩაატარაო და ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან.
ყველა ამომრჩეველზე პასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლია გითხრათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.