„ქართველმა ხალხმა დღეს ერთი მთავარი რამ დაამტკიცა, – რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს“, – განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
„მინდა, თითოეული ამომრჩევლით დავიწყო – ვინც დღეს გამოვიდა, მართლაც ქუდზე კაცი, და ეს შედეგი დადო. დეტალებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენს აქტივს მოვუწოდებ, რომ კარგად დავთვალოთ, ბოლომდე იქ ვიყოთ; შეიძლება, ეს მონაცემები კიდევ უფრო მეტი იყოს და გაიზარდოს.
ყველას უღრმესი მადლობა, დაწყებული ბატონი ბიძინადან.
დღეს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა, სადაც ქართველებმა ვთქვით, რომ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში, გარდა ეროვნული ხელისუფლებისა, ვერასდროს, ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ იდენტობას, ყველაფერს ქართულს გაუმარჯოს!“ – აღნიშნა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია: მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56.1% მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5%-ია.