“გარშემო გვივლიან სხვადასხვა არაპირდაპირი, შემოვლითი არგუმენტით. პირდაპირ თქვან, ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვა საქართველოში არის თუ არა ევროპული ღირებულება. კონკრეტულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯება ფარულად, – მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის, პოლიტიკაში, და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„კითხვა არის მარტივი: აპირებს თუ არა ევროკავშირი, მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებს და გაასაჯაროოს საკუთარი ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯები საქართველოში; აპირებს თუ არა, მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს და იყოს გამჭვირვალე მისი ფინანსები საქართველოში. ეს გვაინტერესებს და ამაზე გვინდა ჯერ პასუხი სხვადასხვა ევროპელი ჩინოსნისგან და ამის შემდეგ მოგახსენებთ სხვა საკითხებსაც. შეუძლებელია, რომ ვსაუბრობთ ელემენტარულ საკითხებზე. სირცხვილიც კი არის – 21-ე საუკუნეში პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ უნდა იყოს ფარული ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს საქართველოში ამ ფარულ ფულს, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, და ეს არაერთხელ დადასტურდა.

მე სხვა დროსაც მითქვამს, – ჩემთან პირად საუბარში დაუდასტურებია ზოგიერთ ევროპელ ჩინოსანს, რომ ნახა, მაგალითად, “ევროპის დემოკრატიის ფონდის” პროექტების სია და დამიდასტურა და დამეთანხმა იმაში, რომ ნამდვილად, იქ ჩანდა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ დაფინანსებებში, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, რომ იქნებ ჩემთვისაც ეჩვენებინა ეს სია, მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მივიღე უარი საქართველოში დახარჯულ ფულზე. ამიტომ, ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც მართლაც ვდგავართ ჩვენ, ყველა ევროპელი, არა მხოლოდ ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყანა, არამედ, საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გავრცელდა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის განცხადება, სადაც საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას „ბოლო დროს მიღებული კანონების“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ.