„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა საქართველოს განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია.
ზურაბ ქადაგიძე აღნიშნულს ეთანხმება და „შუა დერეფნის“ მაგალითი მოჰყავს.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გეოპოლიტიკური წარმატების გზამკვლევია!
დღევანდელი მოცემულობიდან:
ჩრდილოეთის გზა (ტრანს-ციმბირული) რუსეთის გამო გაჩერებულია;
სამხრეთის გზა ირანის გამო საფრთხეების მატარებელია;
საზღვაო რკალი (ინდოეთიდან საუდის არაბეთის მიმართულებით, წითელი ზღვის გავლით) ისრაელის რეგიონული კონფლიქტის გამო ფეთქებადსაშიშია.
რჩება ერთადერთი ალტერნატივა – „შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია.
ყველა საშუალებას იყენებს საქართველო, რომ „შუა დერეფნის“ მთავარი ბენეფიციარი და მოსარგებლე გახდეს.
სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამისად – გეოპოლიტიკურ უპირატესობას!
მთავარია მშვიდობის პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.