“თავად თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ორ ძალას შორის – „ქართულ ოცნებასა“ და მის მოპირისპირედ მყოფ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამიტომ, ამ არჩევნებზე ყველა ეს პარტია საბოლოოდ გაფორმდა, ოფიციალურად და საჯაროდ როგორც „ნაცმოძრაობა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ საარჩევნო ბარიერი გადაალახვინა.

„ამას ვეღარ გაექცევა, მათ შორის, ბარიერგადალახული 4 პარტია. ამ არჩევნების შემდეგ თავად გაიფორმეს თავი როგორც „ნაცმოძრაობამ“. ეს – ერთი. და მეორე – ჩვენც ვაკვირდებოდით, და არა მხოლოდ ვაკვირდებოდით, საჯაროდაც ითქვა რამდენიმე აქტივისტის მხრიდან, რომ იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა, იმისთვის, რათა სხვადასხვა პარტიაზე გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა რამდენიმე პარტიას ბარიერი.

მათი ამოცანა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო საპარლამენტო უმრავლესობა. მაგრამ ვნახეთ, რომ ამის საპირისპიროდ დადგა ქუდზე კაცი. ის რიგები, თვითონ რომ უხაროდათ და საცობები აღმოჩნდა – ზუსტად მათ საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად მიდიოდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.