“რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„დღეს ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში, ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა, ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები:

მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს – არც მეტი, არც ნაკლები;

მათ მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ხელისუფლებას შორის;

მათ მოითხოვეს 120- მილიონიანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს ჩვენს ქვეყნაში აგენტურის გაძლიერებისკენ.

ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს.

თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ, ამ შემთხვევაში, ბრიუსელს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, თავისი ქმედებებით, საკუთარ სახეს ავლენს.

„ისინი ყოველდღიურად ავლენენ საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი. ამას ხედავს საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ ის 785 ათასი ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და, საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.