თბილისში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციასა და ჭავჭავაძის გამზირის კარვებით გადაკეტვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აფასებს.
„ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩვეულ სტილში განხორციელებულ არათანმიმდევრულ ქმედებებს. ჯერ ერთი, ხალხს ეუბნებიან, – აგვირჩიეთ, პარლამენტში რომ შევიდეთო და მერე კარავში შედიან. მოგვიანებით ხვდებიან, რომ არც კარავში, არც ქუჩაში და არც პარლამენტში მათი ადგილი არ არის და იწყებენ ამ რადიკალურ პროცესებს.
ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს – ამ კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვნახეთ – კარვები უფრო მეტი იყო, ვიდრე იქ შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, იქმნება კარუსელი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა 4 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის გაგზავნილ წერილზე.
„მტრობს ეს ხალხი ქვეყანას და, სამწუხაროდ, ამას არც მალავენ. ესაა ის, რაც შემიძლია ვთქვა წერილზე. მეორე მხრივ, ოპოზიციამ, სურვილი, როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში, შეუძლია წერილის სახით, საახალწლოდ გაუგზავნოს თოვლის ბაბუას და, იქნებ, საჩუქრების სახით რაიმე მაინც მიიღოს, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის საჩუქარს ვერ მიიღებს,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.