“ჩვენ უნდა დავასრულოთ ნატო-ს მიზნებისა და მისიის ფუნდამენტური გადაფასების შესახებ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში დაწყებული პროცესი”, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მმართველი წრე აგრძელებს ბირთვული ძალის მქონე რუსეთთან მსოფლიოს დაპირისპირებას იმ საფუძვლით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, ტრამპი მიიჩნევს, რომ დასავლური ცივილიზაციისთვის ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-ის მოძულე ისტებლიშმენტია, რომელიც დღეს ამერიკას წარმოადგენს.

“ჩვენი საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტი აგრძელებს სამყაროს კონფლიქტში შეყვანას ბირთვული შეიარაღების მქონე რუსეთთან, იმ საფუძვლით, რომ რუსეთი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს, მაგრამ დასავლური ცივილიზაციისთვის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე არ არის რუსეთი; ალბათ, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის მოძულე საშინელი ხალხი, რომელიც ჩვენ წარმოგვადგენს. საფრთხე ჩვენი ეროვნული საზღვრების გაუქმებაა, ჩვენი ქალაქების პოლიციის წარუმატებლობაა, ეს არის კანონის უზენაესობის რღვევა შიგნიდან, ეს არის ტრადიციული ოჯახის და შობადობის მაჩვენებლების ნგრევა. სწორედ მარქსისტების სურვილია, გავხდეთ უღმერთო ერი, რომელიც თაყვანს სცემს რასას, სქესსა და გარემოს. ეს არის გლობალისტური კლასი, რამაც ჩვენ მთლიანად დამოკიდებულნი გაგვხადა ჩინეთსა და სხვა უცხო ქვეყნებზე, რომლებსაც, ძირითადად, ვძულვართ. ამ გლობალისტებს სურთ, გაფლანგონ ამერიკის მთელი ძალა, სისხლი და საგანძური, ებრძოლონ მონსტრებს და ფანტომებს მთელ მსოფლიოში, ამავე დროს, ყურადღება გადაგვატანინონ იმ ორომტრიალიდან, რომელსაც ისინი ქმნიან სწორედ აქ, სახლში. ეს ძალები ამერიკას იმაზე მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე რუსეთი და ჩინეთი ოდესმე იოცნებებდნენ. ამ ავადმყოფი და კორუმპირებული მმართველი წრის გამოდევნა მონუმენტური ამოცანაა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.