“მოსკოვისთვის სანქციების დაწესება საქართველოსთვის ძალიან დიდი რისკის შემცველი იქნებოდა კრემლის სავარაუდო საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით, ამავე დროს კი, ევროკავშირი საქართველოს არანაირ დახმარებას არ ჰპირდება სანქციების დაწესებით გამოწვეული სავარაუდო ეკონომიკური ზიანის დაბალანსების მიზნით”, – განაცხადა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ, ლაშა კასრაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
წამყვანმა მას ჰკითხა: საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ გამონახონ გზა თუ როგორ შეინარჩუნონ ეკონომიკა მაკრო და მიკრო თვალსაზრისებით, რეგიონულად, ინტროსპექციულად, ვისთან და როგორ ივაჭრონ. ამავე დროს როგორც იცით, კოლექტიური დასავლეთი საკმაოდ მკაცრად მოითხოვდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებას, ეს საკითხი ამჟამად ასე თუ ისე აღარ წარმოადგენს განხილვის მთავარ თემას, მაგრამ მისი წინ წამოწევა ხანგამოშვებით ხდება, როგორც წესი, პოლიტიკური მოგების მიღების მიზნით. მაგრამ რამდენად რეალისტური იყო ეს მოთხოვნა, ვგულისხმობ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოთხოვნას რომ საქართველო შეერთებოდა მოსკოვისათვის დაწესებულ სანქციებს. საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ეს ჩემი აზრით საშინელი შედეგების მომტანი იქნებოდა.
იან პრაუდის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს მსგავსი, შედარებით მცირე ზომის ეკონიმიკის ქვეყნისთვის, სარისკო იქნებოდა.
„გეთანხმებით, ეს საქართველოს გაცილებით უფრო დიდი ზომის სავაჭრო პარტნიორის შურისძიების სამიზნეს და მოწყვლადს გახდიდა, რუსეთი კი საქართველოს საკმაო რაოდენობით ენერგორესურსებსაც აწვდის, რუსეთი ასევე, ქართული ნაწარმისთვის დიდი საექსპორტო ბაზარია. მოსკოვისთვის სანქციების დაწესება საქართველოსთვის ძალიან დიდი რისკის შემცველი იქნებოდა კრემლის სავარაუდო საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით, ამავე დროს კი, ევროკავშირი საქართველოს არანაირ დახმარებას არ ჰპირდება სანქციების დაწესებით გამოწვეული სავარაუდო ეკონომიკური ზიანის დაბალანსების მიზნით. ეს საქართველოსთვის საშიში ნაბიჯი იქნებოდა. საქართველოს შედარებით მცირე ზომის ეკონომიკის ამ მასშტაბის რისკის გაწევა არ იქნებოდა მიზანმიმართული და სწორი“, – განაცხადა იან პრაუდიმ.
ცნობისთვის: იან პრაუდი გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინთან პირისპირ არის შეხვედრილი 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში. იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. იან პრაუდი ერთერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით, ის ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში. 2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო, კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი. მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში. იან პრაუდი ასევე იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე – თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლო – ამერიკულ სკოლაში“.