ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2024 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს. ინდექსი ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლოს 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. რეიტინგში ქვეყნების რანჟირება ხდება მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბალი რისკის ქვეყნებისაკენ, შესაბამისად, რეიტინგს სათავეში ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები უდგანან, ქვედა პოზიციებს კი წარმატებული ქვეყნები იკავებენ.
ინდექსის თანახმად, საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანამ შეფასების 10- ბალიანი სისტემით 4,64 მიიღო, რაც გაუმჯობესებული შედეგია. 2024 წელს, გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესდა 102-ედან 113-ე ადგილამდე.
ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ბევრ წარმატებულ ეკონომიკას: დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 8 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას, იტალიას, კვიპროსს, მალტას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, სინგაპურს, ჰონგ-კონგს და ა.შ.
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის წარმოება სათავეს 2012 წლიდან იღებს. ამ 13- წლიან პერიოდში, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა 33 ადგილით არის გაუმჯობესებული.
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ზომავს ფულის გათეთრებისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყენებს კომპოზიტურ მეთოდოლოგიას 17 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება ხუთ აგრეგატულ რისკ-ფაქტორში:
1. ხარვეზები ფულის გათეთრების აღკვეთის ჩარჩოში;
2. კორუფცია და თაღლითობა;
3. ცუდი ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები;
4. ცუდი საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
5. სუსტი პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა.
ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.