„სანამ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ 90 დღე მოითხოვა “პანდორას ყუთის” გასახსნელად და იმ აუდიტის ჩასატარებლად, რომელმაც, მათ შორის, წლების განმავლობაში USAID-ის ხაზით ქვეყნიდან გადასახადების გადამხდელთა უამრავი თანხის გადინების მიზნობრიობა უნდა დაადგინოს, ამ საქმეს ჰაკერები შეუდგნენ. სწორედ მათ შეაღწიეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ-ერთ საიტში, საიდანაც გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
„არანაირი ინფორმაცია, თუ რას მოხმარდა კონკრეტულად ეს თანხა, მოძიებული არაა. წერია მხოლოდ ის, რომ 20 მილიონზე მეტი “სამართლის უზენაესობას” მოხმარდა, 6 მილიონი დოლარი – “მედიის გაძლიერებას”, “სამოქალაქო განათლებას” კი – 3 მილიონ დოლარზე მეტი. უცნობია, რა კონკრეტულ აქტივობებში დაიხარჯა ეს თანხები და რამდენად მოემსახურა საჯაროდ გაცხადებულ მიზანს. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული ან არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში.
2014 წლიდან დაწყებული, USAID-ის ხაზით უამრავი თანხა გატარდა უკრაინის “ენჯეო” სექტორის, “დემოკრატიული რეფორმების გატარებისა” და “კორუფციასთან ბრძოლის” დეკლარირებული მიზნით. მიუხედავად “ამისთვის” დახარჯული მილიონებისა, 2020 წლის სექტემბერში “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებების შემოწმების მიზნით კიევში ჩასულმა ექსევროკომისარმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ არანაირი “დემოკრატიული” თუ “ანტიკორუფციული” რეფორმა უკრაინაში არ ჩატარებულა. გამოდის, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი მილიონები სულ სხვა მიზნებისთვის “შეიჭამა”.
უამრავი თანხა დაიხარჯა USAID-ის ხაზით 2014-2017 წ.წ. ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების წახალისების მიზნით შემოდიოდა გრანტების ძირითადი ნაწილი. “დემოკრატიული აქტივისტების” მხარდაჭერის მიზნით შედიოდა ჰონგ-კონგში 2019-2020 წ.წ. სოლიდური თანხები ასევე USAID-ის ხაზით. დაუფარავად მოქმედებდა USAID-ის ფინანსური ჩარევის “მანქანა” 2020 წელს ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისას, როდესაც მათი მხრიდან ღიად იყო გაცხადებული “სამოქალაქო საზოგადოებისა” და ” დამოუკიდებელი მედიის” ფინანსური მხარდაჭერა. იმავე პროცესებს ჰქონდა ადგილი კუბასა და ნიკარაგუაში.
დონალდ ტრამპის გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში, მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში – ყველა ჩამოთვლილი სახელმწიფოს ხელისუფლება, საქართველოს ჩათვლით, დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლებასთან, – მათ შორის, სწორედ იმ “გამჭვირვალობის კანონის” ფარგლებში, რომლის მიღების წინააღმდეგ USAID-ის არამიზნობრივი დაფინანსების წამქეზებელი და წყარო, ბაიდენის ადმინისტრაციის სახით, ასე გაშმაგებულად გვებრძოდა“, – წერს დავით ქართველიშვილი.