პარლამენტისა და პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ მედიასთან საუბრისას შეაფასა რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯილდოება და აღნიშნა, თუ რამდენად დიდია მისი წვლილი ქართული სპორტის, მათ შორის რაგბის განვითარებაში.

 „თუ ადრე, ჩემი თაობის დროს, მშობლებს რომ მოჰყავდა ბავშვი რაგბიზე, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა – არ იყო საშხაპე, გასახდელი, საუბარი არაა სატრენაჟორო დარბაზზე და ა.შ, დღეს ეს ხელმისაწვდომია ახალგაზრდა თაობისთვის და ზუსტად ამ კონკურენციასა და პირობებში იზრდებიან ისეთი წარმატებული მორაგბეები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯილდოება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აღიარებაა მსოფლიო რაგბის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა. ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ.

 ამდენი ინფრასტრუქტურის შენახვა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და  ამ წლების მანძილზე ფონდი”ქართუ”  ინახავდა ამ ყველაფერს. დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდებოდა წელიწადში ამ ინფრასტრუქტურის შენახვა.

ჩვენ მოვუგეთ “tier 1-ის” ანუ უმაღლესი სარაგბო დონის ქვეყნებს. ძალიან კარგად გვახსოვს გამარჯვება უელსში. ასე, რომ რაც მნიშვნელოვანია, მაგარი თაობა მოდის ქართულ რაგბიში და ეს 6 ერის 18 წლამდელთა ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა.

დიდი მადლობა ბატონ  ბიძინა ივანიშვილს ქართული რაგბის სახელით და თითოეული ადამიანის სახელით, რომელსაც ამ წლების მანძილზე ის გვერდში დაუდგა, არა მხოლოდ ადამიანს, სპორტის ბევრ სახეობას“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.