საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოში აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდით და ორმხრივი თანამშრომლობით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვიზიტი საქართველოში და შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან“, – განაცხადა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აიდარბეკ საფაროვმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „კაზინფორმთან” მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი გეგმავს, საქართველოში საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი და ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.
„2024 წელს საქართველოში ყაზახური აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 12,3%-ით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 71 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, დაიწყო ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა, რომელიც ხელს შეუწყობს ხორცპროდუქტების საქართველოში ექსპორტს“, – განაცხადა აიდარბეკ საფაროვმა.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.