„მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში, რესურსები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„გასული კვირა ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. სტიქიამ, ასევე, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ.
ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო: როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად.
მალევე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები და შესაბამის მონაკვეთებზე აღდგა საავტომობილო მოძრაობა. დაახლოებით, 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები.
საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები.
მინდა მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობებში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.