„სასაცილოა ხაზარაძეც და მისი პარტიაც. სასაცილოა იმიტომ, რომ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა მესიჯებით მოძღვრავდა ის თავის ქვეყანას“, – ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ  რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

“საზოგადოებას ახსოვს, როგორ ცდილობდა “ლელო”, საქართველოს პარლამენტში შემოეტანა რეზოლუციის პროექტი, სადაც, პირდაპირ იყო მოწოდება, რომ რუსეთისთვის უნდა დაგვეწესებინა სანქციები, შეგვეზღუდა ფრენები, რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილების შემოსვლა, რუსული ბიზნესი და ა.შ. – ტყუილზე დამყარებული ნარატივი.

და დღეს, როდესაც ხედავს ხაზარაძე, რომ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის მონაწილეობა კვლავ გააქტიურდა, ის ცდილობს საკუთარი პოზიციის შეცვლას.

სასაცილო და ღიმილისმომგვრელია, რადგანაც ამ ორმაგი, სამმაგი სტანდარტებით, ბუნებრივია, ვერავის მოატყუებს.

რა “ნაციც” და სააკაშვილის სულისკვეთების ერთიანი შემადგენელი ნაწილი იყო ხაზარაძე აქამდე, ისე დარჩება, იმის მიუხედავად, რა განცხადებას გააკეთებს ის დღეს”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.