„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან“, – ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.
ირაკლი ჩიქოვანი პრეზიდენტის ამ ნაბიჯს უგუნურ გადაწყვეტილებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
„გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა აზერბაიჯანის ლიდერთან. აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც არაერთხელ შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას. მეორე მხრივ, ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს ამ შემთხვევაში, რომ, თითქოს, ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისათვის, რათა ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს და უსურვეს წარმატებები ბატონ ალიევს ახალი პრეზიდენტობის პირობებში, გაუგებარია, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის.
ვფიქრობ, რომ ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და, მეორე მხრივ, მგონია, სულაც, უგუნური გადაწყვეტილება. მაგრამ შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, პრეზიდენტი აღასრულებს და გარკვეულ დავალებებს მიჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.