„დღეს, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი- ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მამუკა ხაზარაძეს, არის სრულ სინქრონში“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რითაც პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ არჩევნებამდე პერიოდი იმისთვის გამოიყენა, რომ რეპრესიები გამოაცხადა .
„ე.წ. countdown-ი, ანუ უკუთვლა, რომელიც არსებობს ხოლმე არჩევნებამდე, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება ბევრი პარტიის მიერ, მაგრამ გამოიყენება იმისათვის, რომ განაცხადონ, თუ რას გააკეთებენ კონკრეტულ ვადაში, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები და, როდესაც ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ, რათ ხელახლა აამოქმედონ ის რეპრესიული მანქანა, რომელიც იყო 2012 წლამდე. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაყარონ სახელმწიფოდან და, მეორე მხრივ, დაუპირისპირდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს და არ ემთხვეოდეს მათ აზრებს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში რეპრესიებისა და ძალმომრეობის დაბრუნებას არავინ დაუშვებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ არც ხაზარაძეს და არც ერთ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავის გეგმებში აქვს, რომ ამ ქვეყანაში დააბრუნოს რეპრესიები, დააბრუნოს ძალმომრეობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას არავინ დააშვებინებს. რატომ ჰგონიათ, რომ ეს შეიძლება შედეგის მომტანი იყოს? მგონია, ეს პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია. მეორე მხრივ, ადამიანები ადეკვატურად ვერ აფასებენ, თუ რა სიმძიმე ახლდა ამ ყველაფერს 2012 წლამდე. დღეს გვაქვს ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, სადაც ყველას შეუძლია, საკუთარი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ რასაც მამუკა ხაზარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა აფილირებული პარტიები და მედია საშუალებები აკეთებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი გაკვეთილებს ვერ სწავლობენ და ხელახლა დაუბრუნდებიან იმ სქემებს და მექანიზმებს, რომელსაც იყენებდნენ 2012 წლამდე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.