ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაინტერესდა, რა მექანიზმები არსებობს FARA-ში იმისთვის, რომ ამ კანონის გვერდის ავლით არ მოხდეს “ენჯეოების” უცხოეთში გადარეგისტრირება.

„ახლა რაც არის მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამ წუთში არ მოქმედებს – იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ასეთია პოლიტიკური ნება, თორემ წესით, უნდა ამოქმედებულიყო. შეიძლება, ის არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც FARA, მაგრამ გარკვეულ ეფექტს ნამდვილად მოგვცემდა.

ძალიან ბევრმა “ენჯეომ” სცადა თავის არიდება ამ კანონისთვის იმით, რომ გადარეგისტრირდა უცხოეთში. წესით, პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და კანონს უნდა ემოქმედა ამ შემთხვევაში, თუმცა თავი დავანებოთ წარსულს. მაინტერესებს, ამ კანონის, რომელიც ახლა გამოგაქვთ, სხდომაზე მიღების შემდეგ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე გზას თუ მონახავს ანუ გვერდს აუვლის კანონს, რა იქნება ჩამკეტი, რა კონტროლის მექანიზმები აქვს სახელმწიფოს, რათა კანონის გვერდის ავლის საშუალებები აღმოფხვრას.

სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მინდოდა მეკითხა – ვთქვათ, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც არ იხდის ჯარიმას და გასაგებია, რომ ორგანიზაციას დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვისზეა საუბარი – დამფუძნებელი, დირექტორი თუ რამდენიმე პირი ერთად? და მეორე კითხვა, რომელიც თანაბრად შეეხება პირველ კანონსაც და ამასაც – ვრცელდება თუ არა ეს დონორებზეც, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული, – მაგალითად, სოროსის ფონდის თუ “ღია საზოგადოების” ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც თვითონ კი არ იღებს, არამედ გასცემს გრანტებს, NED-ის წარმომადგენლობა და ა.შ.”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საკითხის მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ვიცე-სპიკერის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ FARA-ში აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია და ყველა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს, რომელიც შეეცდება, კანონს აარიდოს თავი, ამერიკული კანონი ეფექტიანად გასცემს პასუხს.