პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ორგანიზაცია „numbeo.com-ის“ მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ისე საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, და ამას საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს.
ყოველივე ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ხაზგასასმელია სამართალდამცველი სისტემის ღიაობა დანაშაულთან ბრძოლაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულ რეჟიმში აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილია მომხდარ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი. გარდა ამისა, იმას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, დიდწილად ხელს უწყობს დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია, რაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პრიორიტეტს წარმოადგენდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს ანალიზზე დაფუძნებული მონაცემების მიხედვით, რაც ხელს უწყობს როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე მასზე დროულ რეაგირებას. ეს ყველაფერი მეტყველებს სამინისტროს თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმზე, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და ვუთხრა – ყოველთვის ჰქონდეთ ჩვენი ხელისუფლების იმედი.
სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სფეროს შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებას დადგენილი კომპეტენციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აღნიშნული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეფასებულია როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ეფუძნება შესაბამის კვლევასა და ანალიზს და დასანანია, რომ ოპონენტების მხრიდან მისი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ისევ ხდება“, – აღნიშნა ტაბატაძემ.