2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოუსმინეს ქონებრივ დავაში ხარძიანების ოჯახის ინტერესების დამცველს ქალბატონ ლამარა კობალაძეს, რომლის მიმართაც ვიცე-სპიკერს ჰქონდა კითხვა:
„ჩვენ დღეს მოვუსმინეთ გიორგი უდესიანის ე.წ. ადვოკატს დავით კვაჭანტირაძეს, რომელმაც თქვა, რომ მაშინ როცა ის შევიდა საპატიმროში ბესიკ ხარძიანთან, მან საერთოდ არაფერი იცოდა ქონების იძულებით გადაფორმების შესახებ, ანუ არ იცოდა, თურაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა ხორციელდებოდა ხარძიანზე.
თქვენი ნათქვამიდან კი მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ ყველაფერი კარგად იცოდა და ისე იკვეთება, თითქოს დანაშაულის თანამონაწილეც კი იყო. იქნებ თქვენ დაგვიზუსტოთ, რა იკვეთება საქმის მასალებიდან”, – მიმართა სოზარ სუბარმა ადვოკატ კობალაძეს.
ადვოკატმა ლამარა კობალაძემ სოზარ სუბარის კითხვის პასუხად მოიყვანა ამონარიდი ბესიკ ხარძიანის საქმიდან, საიდანაც ჩანს, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ წინასწარ იცოდა საქმის გარემოებები.
იცოდა, რომ ხარძიანის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და წილის დათმობის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანს ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა.
სოზარ სუბარმა მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს:
„აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და აშკარად შეგნებულად მოატყუა დღეს კომისია. გამორიცხულია, რომ მას ეს ყველაფერი არ ახსოვდეს, მით უმეტეს, რომ შემდგომ წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.