საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანია “Edelweiss-ის” ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, “Edelweiss-ის” “ფეისბუკისა” და “ინსტაგრამის” გვერდებზე საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივები ხშირად ქვეყანას „ევროპის აივნად” მოიხსენიებენ, ეს კი ჩვენთვის მიზეზია, წარმოგიდგინოთ თბილისის საუკეთესო ხედები ხის აივნებიდან, რომლებიც მე-19 საუკუნეში აშენდა.

ოსტატურად მორთული და ხელით მოჩუქურთმებული აივნებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. თქვენ ასევე ნახავთ ძალიან ლამაზ ხედებს სამების საკათედრო ტაძრიდან.

საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე. თუ გსურთ, მთელ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ, შეგიძლიათ, ეწვიოთ მთაწმინდის პარკს,“ – აღნიშნულია “Edelweiss-ის” პოსტში.

ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება; საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემაში, ასევე, საბორტო ჟურნალში.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მომზადდება 6-8 გვერდიანი სტატია.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში: “facebook”, “Instagram” და “YouTube” საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ რილსები და პოსტები გავრცელდება.

ციფრული მედიაკამპანიის პარალელურად, სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნში, ბაზელში, ლუცერნში, ცუგსა და ციურიხში.

შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

ავიაკომპანია “Edelweiss” ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს”, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.