სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში 2004-2007 წლებში – მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა.

„ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხული, შეიძლება, ეს იყო მარტის თვე და მარტის თვეში ვმუშაობდით, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა.

ჩვენ გარკვეული შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ – ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა გვქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის? შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იყო დუმილი, ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და, სადღაც, აპრილის თვეში, თუ არ ვცდები, სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, საერთოდ, ერგნეთის ბაზრობის გახსენებაც აღარ უნდა და ა.შ., მისი ჩვეული რიტორიკით. და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.