2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ცხინვალის რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების თაობაზე ისაუბრა.
„ყველას გვახსოვს აჭარაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ასლან აბაშიძემ დატოვა რეგიონი და მთელი რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციას დაექვემდებარა. ამის შემდეგ, პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, რომ შემდეგი ცხინვალის რეგიონია. ცხინვალის რეგიონში რას გულისხმობდა კონკრეტულად, ჩემთვის არ იყო ცნობილი. როდესაც კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ვსაუბრობდით, ამას ხშირად ამბობდა ხოლმე ორი სიტყვით, – რომ ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე. როგორი ფორმით, ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია.
შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან და6 რამდენიმე კაცისგან შემდგარმა პოლიტიკურმა ელიტამ მიიღეს რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების გადაწყვეტილება – იქიდან გამომდინარე, რომ ოსური მხარისგან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს. ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი განსაკუთრებული და უცხო არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არც სასურველია და არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ იგი დადებითი პროცესი იყო, პირიქით – ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების საფუძველზე შეიარაღებული ძალების განთავსებამ, ფაქტობრივად, უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება.
როგორც ჭადრაკში არის ცუგცვანგის პრინციპი, ნებისმიერი ჩვენი სვლა მხოლოდ აუარესებდა ჩვენს მდგომარეობას. ასეთი სიტუაცია შეიქმნა და ამ ჯარების განთავსებამ, ფაქტობრივად, გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.