2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, თუ „რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში“.
„ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, – ამას მივხედავთო. საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებოდით და გაგვყავდა მოსახლეობა – ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.