ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი, განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რა შედეგი მოჰყვებოდა 2008 წლის ომს.

“შედეგზეა საუბარი, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ჩვენ რა დავიწყეთ და ჩვენ რისი უფლება გვქონდა, ჩვენ შეიძლება ბევრი რამის უფლება გვაქვს და შეიძლება, ვალდებულიც ვართ, ბევრი რამე გავაკეთოთ, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, თუ რისი შესაძლებლობა გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ელემენტარულად… ქვეყნის მეთაური იყო, მით უმეტეს, და იცოდა, რა შესაძლებლობები, რა რესურსები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები აქვს ჩრდილოელ მეზობელს. ამ შეფასებებს, შედარებებს ნებისმიერი ადამიანი უნდა მიეყვანა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და ამის გაკეთება საზიანოა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.