2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსმა ლაშა ქოიავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარის – თეა წულუკიანის კითხვის პასუხად, თუ რა ხდებოდა 7-8 აგვისტოს საღამოს და ღამით, ქოიავამ აღნიშნა: „ჩვენ გავედით სასტარტო პოზიციებზე, ზოგიერთი დანაყოფი მანამდე იყო გასული, მაგრამ გეგმის მიხედვით, საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს, დილის 7 საათზე“.

„საბრძოლო მოქმედებები არ უნდა დაწყებულიყო, სამხედრო გეგმით არ იყო გაწერილი. დაიწყო ცხინვალის საარტილერიო დამუშავება. ეს იყო 7 აგვისტოს 23:42 წუთზე.

სამხედრო გეგმით ეს გათვლილი არ იყო. ცხინვალში სამხედროების შესვლაც არ იყო გათვლილი. ველოდებოდით ჟურნალისტებს. [8 აგვისტოს] დილის 7 საათზე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ იყო დაწყებული. ჟურნალისტები უკვე ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.