„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავს და ანტონიო ვივალდის ნაწარმოებებს შეასრულებს. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“კონცერტი ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის მიწვევითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
„საქართველოს სინფონიეტასა“ და ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრს შორის კოლაბორაცია 2022 წელს დაიწყო, როცა პირველად, ფინელი მუსიკოსები თბილისის ბაროკოს ფესტივალს ესტუმრნენ, 2023 წელს კი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, მათი მიწვევით, ფინეთში გაემგზავრა საკონცერტო ტურნეზე და ჰელსინკსა და რაუმაში ორი კონცერტი ჩაატარა.
ქართველ და ფინელ მუსიკოსებს შორის ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება. წელს, ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება, ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის შესრულებით, 2025 წლის თბილისის ბაროკოს ფესტივალზე ბახის მუსიკა მოისმინოს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.