2025 წლის 15 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს, მირსად აზემოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობებზე, საერთო პრიორიტეტებზე, ევროინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების დღის წესრიგსა და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დიასპორასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, უზრუნველყოს დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, გააძლიეროს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის და ხელი შეუწყოს თანამემამულეებს, საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენონ საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის.

ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა მიზანია დიასპორასთან კავშირების გაძლიერება.

თავის მხრივ, მირსად აზემოვიჩმა ისაუბრა მონტენეგროს სახელმწიფო პოლიტიკაზე დიასპორის საკითხებში, გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს გამოცდილების გაზიარების საჭიროებას.

მხარეები შეთანხმდნენ ყველა შესაბამისი საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში აქტიურ მუშაობაზე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.