ბელგიის მაღალრეიტინგული გამოცემა “Sabato-ს” ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ.
„ბელგიელი ჟურნალისტები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ქვეყნის კულტურას; მოგვიანებით, ისინი საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ და ევროპელ მოგზაურებს შესთავაზებენ საქართველოს როგორც ახალი დანიშნულების ადგილს, რათა შემდეგი მოგზაურობისთვის არჩევანი სწორედ საქართველოზე გააკეთონ“, – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ტურის მონაწილეები უკვე იმყოფებოდნენ კახეთში, ეწვივნენ ალავერდს, სიღნაღს, თელავს, ახმეტას, წინანდალს, ადგილობრივ მარნებში გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს. გამოცემის წარმომადგენლები სტეფანწმინდას, გერგეტის სამებასა და უფლისციხეს მოინახულებენ.
„საქართველო გასტრონომიისა და ღვინის ქვეყანაა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. ჩვენთვის ეს ნამდვილი კულტურული აღმოჩენაა. ეს არის ქვეყანა ღვინის რვაათასწლოვანი ისტორიით. ვფიქრობ, ბელგიელები გასტრონომიის დიდი მოყვარულები არიან, უყვართ ღვინო და საქართველოში ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენენ, რომელიც განსხვავდება საფრანგეთისგან, გერმანიისა და იტალიისგან. ბელგიელი მოგზაურები აქ აღმოაჩენენ ახალ კულტურას და ახალ გემოებს“, – განაცხადეს ბელგიელმა ჟურნალისტებმა – ბერტ ვოეტმა და ჯული მორგანმა.
ბელგიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ფრანგულ და დანიურ ენებზე სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც “Sabato-ს” მკითხველს გააცნობენ როგორც ბელგიაში, ისე საფრანგეთსა და დანიაში.